ბოლო დროს გახშირებული ვირუსული ინფექციების გამო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება

0

15 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან  ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე ათეულმა  აღსაზრდელმა მიმართა, ბავშვებს  მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, მუცლის ტკივილი და ხშირი ნაწლავური მოქმედება აღენიშნებოდათ.  სიტუაციის შესწავლაში დაუყოვნებლივ ჩაერთო როგორც სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება, ასევე, ადგილობრივი დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო. ერთკვირიანი კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა 2 სახის ინფექციის მიზეზი, ერთი არის ბაქტერიული შიგელა ზონეთი გამოწვეული, ხოლო მეორე ენტეროვირუსული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  რეკომენდაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბაღები 25 სექტემბრიდან 1 კვირით დაიხურება.

ლელა გოგმაჩაძე- ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი:

– 15 სექტემბერს N 1 საბავშვო ბაღიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ რამდენიმე ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ისინი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში მდგომარეობის შესასწავლად. პირველი ვერსიით მათ ჰქონდათ ვირუსული დაავადება, შემდეგ იმატა შეუძლოდ მყოფი ბავშვების რიცხვმა  და მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღშიც, ხოლო რამდენიმე ბაღში გამოვლინდა ერთი-ორი შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე,  პირველ რიგში მივმართეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელთა წარმომადგენლებიც პირველივე წუთიდან ჩაერთნენ მდგომარეობის შესწავლის პროცესში, ჩაატარეს გარკვეული სამუშაოები, აღებულ იქნა ფეკალიები, რომლებიც გადაიტანეს ლუგარის ლატორატორიაში გამოსაკვლევად.

პარალელურ რეჟიმში, ასევე, მუშაობაში  ჩაერთო სურსათის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენლები კვირასვე უკვე ადგილზე იყვნენ და შეისწავლეს საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისათვის შემოსული პროდუქტების დოკუმენტაცია, აიღეს ანალიზისთვის როგორც გამზადებული საკვები, ასევე პროდუქტი უმი სახით. აღებულ იქნა აგრეთვე წყლის სინჯები და ამ ეტაპზე ველოდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული ანალიზების პასუხებს, რომელიც სავარაუდოდ სამშაბათს გვექნება.

მაკა მამარდაშვილი- ა(ა)ი პ დაავადებათა,აღრიცხვის,კონტროლის, საზოგადოებრივივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი:        როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე წლის  15 სექტემბერიდან უჩვეულოდ იმატა  ცხელებით, გულისრევითა  და დიარეით მიმდინარე დაავადებების რაოდენობამ 2 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. შესაბამისად ჩავერთეთ სიტუაციის შესწავლაში ჩვენი კომპენტეციის ფარგლებში, შემთხვევები იყო ბოლნისის თითქმის ყველა საბავშო ბაღიდან, მაგრამ გამოიკვეთა ქალაქის #1 და კაზრეთის  საბავშო ბაღები, სადაც დაზიანებული ბავშვთა რაოდენობა იყო უფრო მეტი.  ეპიდკვლევისას გამოკვეთილი თავისებურებების მიხედვით პირველივე წუთებიდან ინფორმირებული იყo  ყველა შესაბამისი სამსახური სიტუაციის შესასწავლად – მიზეზის დასადგენად და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების გასატარებლად. აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივე სიმპტომებით ახალი შემთხვევის მატება გვაქვს დღემდე.

ჩვენს მიერ უკვე 16 სექტემბერსვე აღებულ იქნა ინფექციის მიზეზის დასადგანად დაავადებული ბავშვებიდან ფეკალური მასალები და 17-ში ჩატანილ იქნა  ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებზე, რომლებიც არიან გამომწვევი ცხელებით და დიარეით მიმდინარე დაავადებების და ასევე პარალელურ რეჟიმში მოხდა  პაციენტებიდან სისხლის ნიმუშების აღება და ტრანსპორტირება ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით ენტეროვირუსებზე გამოსაკვლევად და ველოდებოდით შედეგებს.

დღეის მდგომარეობით  მოცემულობა ასეთია:  გვაქვს ორ ინფექციასთან საქმე, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად:

  1. ბაქტერიული ნაწლავური ინფექცია შიგელოზი, რომელიც გამოწვეულია შიგელა ზონეთი – Shigella sonnei და
  2. ენტეროვირუსული ინფექცია, რომელიც დადასტურდა სისხლის ნიმუშებით.

შემდგომი კვლევები გრძელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და გვექნება შედეგები, თუ რა იყო შიგელათი დაავადების პირველადი მიზეზი, ხოლო შემდგომ უკვე მეორადად ხდებოდა საყოფაცხოვრებო კონტაქტით ინფექციის გადაცემა და სწორედ ამიტომ გვქონდა და გვაქვს ცხელებითა და დიარეით მიმდინარე დაავადებების ახალი შემთხვევები.

რეკომენდაციები:

გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს დაავადების ახალი  და ფიქსირდება შიგელოზის  ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები, შიგელოზის ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით 1-7 დღე, საჭიროდ მიგვაჩნია საბავშო ბაღებმა შეაჩერონ სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი და მოხდეს საბავშო ბაღების გენერალური დეზინფექცია ინფექციის გამომწვევი შიგელა ზონეს – Shigella sonnei  გასანადგურებლად,

ასევე მივმართავ მოსახლეობას, გაამახვილონ ყურადღება შემდეგ სიმპტომებზე: ცხელება, გულისრევა, დიარეა და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, რათა დროულად იყოს დაწყებული შესაბამისი მკურნალობა.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა და ხელების ხშირი და სწორი დაბანა, რომელსაც ბავშვები უნდა შევაჩვიოთ როგორც ოჯახებში,  ასევე საბავშო ბაღებში.

მშობლებს კი მოგმართავთ თხოვნით,  თუ შევატყობთ,  რომ ბავშვი არის შეუძლოდ, მოთენთილი, სტკივა მუცელი  და არსებობს რისკი რომ შეიძლება გახდეს ცუდად დატოვეთ სახლში და ნუ გაუშვებთ სკოლაში და/ან  საბავშო ბაღში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 ლელა გოგმაჩაძე-  ერთი კვირის მანძილზე გაწეული სამუშაოებისა და ამ ეტაპზე არსებული კვლევების საფუძველზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  მივიღეთ რეკომენდაცია ერთი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შეჩერდეს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი და დამატებით ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

აღნიშნული რეკოენდაციები, თავისთავად ცხადია,  გათვალისწინებული იქნება და  25 სექტემრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შეჩერდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.


Share.

Leave A Reply