რა უნდა ვიცოდეთ სიმინდის ღეროს ფარვანას შესახებ

0

სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად გავრცელებულია იმერეთსა და სამეგრელოში, თუმცა ეს მავნებელი მიმდიმარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა, თითქმის ყველგან სადაც მოჰყავთ სიმინდი. ფარვანას მავნებლობაზე და მისგან სიმინდის კულტურის დაცვის მექანიზმებზე გვესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარი სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი.

,,მინდა ბოლნისელი ფერმერები გავაფრთხილო და ზოგადი ინფორმაცია მივაწოდო სიმინდის ღეროს ფარვანას მავნებლობის შესახებ,თუ როგორ დაიცვან სიმინდის კულტურა და  მიიღონ უფრო მეტი მოსავალი. სიმინდის ფარვანა საქართველოში აზიანებს სიმინდს, ღომს, ფეტვს, მზესუმზირას, კარტოფილს, ჩაის, ციტრუსებს და სხვ. ის სიმინდის კულტურისათვის მეტად მნიშვნელოვანი და სახიფათო მავნებელია.  ფარვანას ზრდასრული მატლის სიგრძე 25 მმ-ს აღწევს. სიგრძე გაშლილი ფრთებით 32 მმ-ს აღწევს.

მავნებელი  იზამთრებს სიმინდის ღეროებში, მათი ტაროების ნაქუჩში, სარეველა მცენარეების ღეროებში. ამ დროს იგი ზრდასრული მატლის ფაზაში  იმყოფება.

დაჭუპრებამდე მატლები ღეროში ღრღნიან პეპლის გამოსაფრენ ხვრელს. ხვრელი გარედან დაფარულია ღეროს თხელი კანით. მატლი ეხვევა აბლაბუდის თხელ პარკში და იჭუპრებს მის მიერ წინასწარ გამოღრღნილ ხვრელთან. პეპლების გამოფრენა დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. ისინი საჭიროებენ დამატებით კვებას, იკვებებიან ყვავილოვანი მცენარეების ნექტრით.

პეპელა ჯგუფურად დებს კვერცხს სიმინდის, სარეველა ბალახებისა და სხვა მკვებავი მცენარეების ფოთლის ქვედა მხარეზე.  გამოჩეკილი მატლი ჯერ ფოთლის ყუნწში გადადის და იქ იკვებება, შემდეგ კი შედის მცენარის ღეროში და იკვებება მისი კედლების ქსოვილებით. დაჭუპრებამდე მატლი 3-4_ჯერ იცვლის კანს.მავნებლის ინტენსიური გამრავლებისას სიმინდის ყანები საქონლის მიერ განადგურებულს ჰგავს. გარდა ღეროებისა, მატლები აზიანებენ ტაროებსაც,  ღრღნიან მარცვლებს. გაზაფხულის თაობის მატლები ხშირ შემთხვევებში ჯერ კიდევ გაუხსნელ ფოთლებსაც ღრღნიან. შედეგად კი ფოთლის ფირფიტებს განივ მწკრივებად ემჩნევა გამჭოლი, მრგვალი და წაგრძელებული ხვრელები. ამ თაობის მატლები იჭრებიან ქოჩოჩშიც, აზიანებენ მას და უსპობენ დამტვერიანების ფუნქციას, რასაც შედეგად მოსავლის მკვეთრი შემცირება მოსდევს.

საქართველოს პირობებში სიმინდის ფარვანას ახასიათებს ორი თაობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლნისში მესამე თაობაც ფიქსირდება. მავნებელთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ შემოდგომაზე, როდესაც ვიღებთ მოსავალს, რაც შეიძლება ფესვთან ახლოს უნდა გადაიჭრას სიმინდის ღერო. შემდეგ კი, დახვნისას მოგროვდეს ფესვები და დაიწვას. არსებობს ასევე უამრავი საშუალება შეწამვლის, რომელიც თავიდან ააცილებს ფერმერებს ღეროს ფარავანას გავრცელების საშიშროებას. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ბოლნისის ოფისში სადაც მიიღებთ უფასო კონსულტაციას.“


Share.

Leave A Reply