აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებები ტარდება

0

აზიური ფაროსანა – მწერი, რომელიც მთელს საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. გარდა თხილისა,   ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლ-ატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს,  წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს, ამ კუთხით აღნიშნულმა მავნებელმა მწერმა მიმდინარე წელს  დიდი ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს.

მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა მოსავლის ღირებულების 70%  შეადგინოს.

რა ვითარებაა ამ ეტაპზე,  არის თუ არა დაფიქსირებული  ჩვენს მუნიციპალიტეტში   და როგორ უნდა ვებრძოლოთ აზიურ ბაღლინჯოს? ამ კითხვებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარი სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი  გვპასუხობს:

მოგეხსენებათ ის საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა, მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში მასიურად დაფიქსირდა  და  განსაკუთრებული ზარალი მიაყენა მოსახლეობას.  სამწუხაროდ,  აზიურმა ბაღლინჯომ გაზარდა კვების არეალი და თუ აქამდე თხილს ანადგურებდა,  მას უკვე 300-მდე სახეობის ხილითა და მცენარით შეუძლია კვება. აზიური ფაროსანა ძალიან სწრაფად მრავლდება, ერთი მდედრი 200-მდე კვერცხს დებს და ისინი სეზონზე სამ თაობას გვაძლევენ. მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინაში, ძვრება ნაპრალში, სხვენზე, ასევე იმალება ხეების ფუღუროებში და ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ. ამიტომ მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, თუ აღნიშნული მწერი შეამჩნიონ სახლში, მოახდინონ მათზე მექანიკური ბრძოლა, ვინაიდან ჩვენი რეგიონის პირობები ძალზედ აკმაყოფილებს აღნიშნულ მავნებელს და  გამომდინარე აქედან, აღმოსავლეთ საქართველოში მისი გავრცელება ძალიან საშიშია.

აზიური ფაროსანა განსაკუთრებით საშიშია ადრე გაზაფხულზე, როდესაც იგი გამოდის მეზამთრეობიდან (აპრილის ბოლოს, მაისიდან) იწყებს კვერცხის დებას და 4-5 დღეში ჩეკს ნიმფებს ამიტომ სწორი და დროულია ნიმფებთან ქიმიური საშუალებებით ბრძოლა, რომ  არ  გამრავლდნენ და გავრცელდნენ. ჩვენი სამსახურის მიერ ამ ეტაპზე ბოლნისში, დმანისში და წალკაში დაიდგა  231 ფერომონი, რომელიც იჭერს აღნიშნულ მწერს, საბედნიეროდ აზიური ფაროსანა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მავნებელს ჰყავს უამრავი მსგავსი სახეობის მწერი, რომელიც ნაკლებად მავნებელია და ისინი თითქმის არ აყენებენ ზიანს მოსახლეობას. ამიტომ,  კიდევ ერთხელ მოგმართავთ ითანამშრომლოთ ჩვენთან,  ერთად ვეძიოთ და აღმოჩენის შეთხვევაში, დროულად და ეფექტურად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას.

ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს რეგიონში არ გვაქვს განგაშის საფუძველი, რადგან  დაკვირვებიდან გამომდინარე,  არ აღმოგვიჩენია აზიური ფაროსანა“. –


Share.

Leave A Reply