„საგანმანათლებლო დღის ცენტრი“ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ფუნქციონირებას აგრძელებს

0

ქვემო ბოლნისში „საგანმანათლებლო დღის ცენტრში“ სასწავლო პროცესი დაიწყო, 17 აღსაზრდელი მზაობის ჯგუფში სასკოლოდ ემზადება. ცენტრი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეთნოშორისი ერთობის“ ინიციატივით დაარსდა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები დილის ათი საათიდან 14 საათამდე სრულიად უფასოდ იღებენ განათლებას. ქვემო ბოლნისში ცენტრის არსებობის ძირითადი მიზანი ეთნიკური მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და ქართულის შესწავლაა. ჯგუფში ორენოვანი სწავლებაა, ახალი მიდგომებით და მეთოდებით ისინი მშობლიურ ენასთან ერთად ქართულ ენას სწავლობენ, ინტელექტუალური სწავლების მეთოდებითა და სიტუაციური თამაშებით სკოლაში მომზადებულები მიდიან.

როგორც დღის ცენტრის დამფუძნებელი გვიყვება სოფელში დღის ცენტრის არსებობით მოსახლეობა კმაყოფილია, „ბავშვები საბავშვო ბაღის არარსებობის გამო  სკოლისთვის ვერ ემზადებოდნენ, ქართული ფაქტობრივად არ იცოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე ამ ცენტრის გახსნა. სოფელი დიდია და კარგი იქნება მომავალში ცენტრი თუ სტანდარტული ბაღის სახეს მიიღებს. მუნიციპალიტეტის და ჩვენი ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს სოფლის მდგრადობას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი აჩერებს მიგრაციას“, აღნიშნავს კარინა ბეჟანიშვილი.

„დღის საგანმანათლებლო ცენტრი“ ქვემო ბოლნისში 2014 წელს ASB-ის  და ორგანიზაცია „თანხმობის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, სოციალური საწარმო, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეთნოშორისმა ერთობამ“ დააფუძნა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტმა გააგრძელა.


Share.

Leave A Reply