მის მიერ შექმნილმა ჯვარმა მამა გაბრიელის კელიის შესასვლელში დაიდო ბინა- რუბრიკის სტუმარია მაკა ტურიაშვილი

0

ჟურნალისტი მაკა ტურიაშვილი უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში სრულიად განსხვავებულ პროფესიას დაეუფლა, სწავლა ფლორისა და ფაუნის დეკორატორ – დიზაინის კურსებზე გააგრძელა. გარკვეული მიზეზების გამო,  რამდენიმე ხნით მოუწია სახლში ყოფნა და როგორც თავად აღნიშნავს,  აქტიურ ცხოვრებას ჩვეული, უსაქმოდ   ვერ იჯდებოდა,  გადაწყვიტა დაეწყო რაღაც განსაკუთრებული, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა. ,,მიუხედავად ჩემი პროფესიისა, რომელიც  ძალიან მიყვარს, არ მიცდია ყვავილის ან ბუნების  შექმნა. ჩემდა უნებლიედ, ისე რომ არც გამიაზრებია,  დავიწყე საგნებზე ბისერებითა და ფერადი ქვებით ჯვრების გაკეთება.’’ თავდაპირველად მაკამ ჯვარი ხის საგანზე მოქარგა, შემდეგ  ისე მიიზიდა ამ საქმემ,  უფრო რთულად შესასრულებელი საგნები ამოირჩია.   როგორც თავად აღნიშნავს,  მეტალზე მუშაობა საკმაოდ რთულია, ხშირ შემთხვევაში რკინა წებოსა და ქვებს ვერ იკავებს, ცურავს და  ძნელი დასამორჩილებელია.

მეტალისა და ხის გარდა,  მაკა ერთდროულად მარმარილოზე, მინაზე და ორგმინაზეც მუშაობს. ჩარჩოებს  კი მისი მეუღლე,  მალხაზ რეხვიაშვილი ამზადებს,   როგორც  ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, მათ ერთობლივ ნამუშევარს მართლაც არა აქვს ანალოგი. მაკამ ჯვრების შექმნა 8 წლის წინ,  მამა მიქაელისა და დედა პარასკევას ლოცვა- კურთხევით დაიწყო და ამ დღიდან,  ეს საქმე მისთვის მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი იმ დღიდან,  რაც მისმა ჯვარმა ბერი გაბრიელის კელიის შესასვლელთან დაიდო ბინა.

მაკა ტურიაშვილი 33 წლისაა,  დაიბადა კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში,  ამჟამდ ცხოვრობს სოფელ რაჭისუბანში, ჰყავს მეუღლე და 8 წლის  გიორგი.

მაკა, ვუყურებ შენს ნამუშევრებს და ვრწმუნდები, რომ მართლაც განსხვავებული  და გამორჩეულია, მასალაც რთული აგირჩევია, არ გიჭირს მცირე ზომის ქვებით მათი შექმნა?

რა თქმა უნდა თავიდან მიჭირდა, საგანზე ნივთებს ვერ ვიმორჩილებდი, მაგრამ იმდენად მომწონდა, რომ არ ვნებდებოდი. მთავარია დაიცვა სიმეტრია, შეარჩიო ქვები, მძივები და მერე ყველაფერი თავისთავად მიდის.

რაღაც უცნაურ მასალას ვხედავ, რომელიც ჯვარს გარკვეულ ხიბლს მატებს

მთავარი ფანტაზიაა, ვიღებ ბისერებს, ან სხვადასხვა სახის ქვებს. შემდეგ ვფქვავ ყავის ხელის საფქვავში და საბოლოო ჯამში ვიღებ ასეთ ლამაზ მასას, რაც ჯვრებს ძალიან უხდება.

რა დროს ანდომებ ჯვარზე მუშაობას?

ყოფილა შემთხვევა დღეში  ორი ჯვარი გამიკეთებია, ხანაც   ერთი კვირა მომინდომებია, გააჩნია რა სირთულის საგანს ვირჩევ.

ჟურნალისტიკას გადაუხვიე და   საკმაოდ რადიკალური პროფესია აირჩიე, რატომ?

ჟურნალისტიკაზე  დედაჩემის დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე,  მას ძალიან უყვარდა ეს პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი  რადიო ,,ფორტუნაში’’, ,,საქართველოს ხმაში’’,  ჟურნალ ,,თბილისელებშიც’’, მაინც არ გამიჩნდა ინტერესი ამ პროფესიისადმი.

მაკა, ამჟამად ხარ ხელნაკეთი ნივთებისა და  აქსესუარების დიზაინერი, ჯვრების გარდა კიდევ რას ამზადებ?

ვამზადებ სხვადასხვა სახის აქსესუარებს ტყავის, ბეწვის და ბუმბულის სინთეზით. ასევე საქორწინო აბადოკებს ძვირფასი ქვებითა და მაქმანებით. ახლა ქარგვაც დავიწყე, ვნახოთ რა გამომივა.

შენი ნამუშევრები, დარწმუნებული ვარ გულგრილს არავის დატოვებს, არის თუ არა ეს საქმიანობა შენთვის შემოსავლის წყარო?

უკვე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მიყვარს და რას ნიშნავს ეს ხელსაქმე  ჩემთვის, მოგეხსენებათ, რამდენად შრომატევადია და ვიყენებ საკმაოდ ძვირადღირებულ მასალას, რაც ბუნებრივია,  ხარჯებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად ამისა, ნამუშევრებს სიმბოლურ ფასად ვყიდი. აქამდე საეკლესიო მაღაზიებში ვაბარებდი და  საკმაოდ კარგადაც იყიდებოდა, რაც შეეხება სხვა აქსესუარებს, მაგალითად სამკაულებს, ძირითადად უცხოელი მყიდველი ჰყავდა, დღეს უკვე ყველას შეუძლია ჩემი ხელნაკეთი ნივთების შეძენა. მაქვს საკუთარი ვებგვერდი და მსურველები იქიდანაც მიკავშირდებიან.

დიდი მადლობა, საინტერესო რესპონდენტი იყავით, წარმატებებს გისურვებთ.


Share.

Leave A Reply