ჩრდილების თეატრი უმცროსკლასელებისთვის

0

სამი დეკემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კვირეული აღინიშნება. ათწლეულებია მსოფლიო შშმ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მათი უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად. გამონაკლისი არც ჩვენი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. თოჯინების თეატრი საერთაშორისო დღეს ჩრდილების თეატრით შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სკოლების უმცროსკლასელებისთვის  ჩვენებებს მართავს.

ჩვენებამდე მოსწავლეებს თოჯინების თეატრის რეჟისორი და ორგანიზატორი ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და შშმ პირთა უფლებებს აცნობენ,  ჩვენებებს ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასელები  და სოფელ  რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.  დასასრულს მათ სიმღერის ფონოგრამა და მადლობის სიგელები  გადაეცათ.

ღონისძიების მიზანია, შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში და სტიგმასთან ბრძოლა.

თამარ ბობოხიძე, სპექტაკლის რეჟისორი:

-როგორც მოგეხსენებათ, სამ დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ კვირეულს.  ჩვენს სამსახურში დათოს გამოჩენამ კიდევ უფრო    სტიმული მოგვცა, თავად თავისუფლად საუბრობს ამ თემაზე და უნდა ახალგაზრდებს მთავარი გზავნილი გაუგზავნოს, რომ  ამ ადამიანების შეცოდება სასურველი არ არის. უკვე იყო 2 სკოლა,  ვაპირებთ  გავაგრძელოთ და მოვიცვათ ის კლასები, რომლის დამრიგებლებიც გამოთქვამენ სურვილს.

დათო რეხვიაშვილი, პროექტის ორგანიზატორი:

-ძალიან ბევრ ფაქტს წავაწყდი, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს ან მოხუცებს პატივს არ სცემენ და ზუსტად აქედან გამიჩნდა სურვილი გამეკეთებინა ეს სპექტაკლი. მინდა რომ ყველა ადამიანი მხარში დაუდგეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და არა შეცოდების გრძნობის გამო.

ხათუნა მუშკუდიანი, რატევანის საჯარო სკოლის მეორე კლასის პედაგოგი:

-დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს აქტივობა მათთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს, ბავშვებმა გაიგეს, თუ როგორ მოექცნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომ მათაც იგივე უფლებები აქვთ და ისევე უნდა იცხოვრონ საზოგადოებაში, როგორც  ჯანმრთელმა ადამიანებმა.


Share.

Leave A Reply