RMG საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მასშტაბურ პროგრამას იწყებს

0

კომპანია RMG-მ, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები  ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებენ.

კომპანია RMG ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას  2018-2021 წლებში განახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა თავად კომპანიას ეკუთვნის და მის მიზანს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მათი მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება   წარმოადგენს.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია RMG ფიტარეთის  მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების, ასევე შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება.

ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისათვის კომპანია RMG რამდენიმე მილიონ ლარს გამოყოფს.


Share.

Leave A Reply