იანა ბერიანი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

0

8 დეკემბერს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა. შეხვედრისას მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ორგანიზაციის მისიაზე, როლზე და განხორციელებულ საქმიანობაზე ესაუბრა. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

VI ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.  აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრად, ქვემო ქართლიდან იანა ბერიანი აირჩიეს.

ღონისძიების დასასრულს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კახა კალაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

VI ეროვნულ ასამბლეას _ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

იანა ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:

-აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეულ წევრთა შორის მეც მოვხვდი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. წარმოვადგენდე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში ქვემო ქართლის რეგიონს და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს – ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არ დავიშურებ ძალას, რომ პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობა და დავიცვა ჩვენი თვითმმართველობის ინტერესები არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე, რადგან მოგეხსენებათ, ასოციაცია დაფუძნდა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში და თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ასოციაციებთან. ასოციაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭოს მუშაობის ძირითადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მათი პრობლემების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა გაზიარება. იმედი მაქვს, თანამშრომლობა წარმატებული იქნება და თავის წვლილს შეიტანს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში, რაც ასოციაციის მთავარი მიზანია.


Share.

Leave A Reply