ბოლნისელი პედაგოგი,  რომელიც ქართველ ემიგრანტებს  მშობლიურ ენას ასწავლის

0

შრომისმოყვარე, ენერგიული, კვალიფიციური, საკუთარ საქმეზე და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა პედაგოგი, ლიკა იასაღაშვილი სამი თვეა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მშობლიური ენის შესწავლაში ეხმარება.

„მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება, მუდამ ახლის ძიებაში ვარ და ეს იყო მორიგი გამოწვევა ჩემთვის. პედაგოგობა, ზოგადად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა სულ სხვა შეგრძნება გეუფლება ემიგრანტებთან ურთიერთობისას, ისეთი ემოციური გაკვეთილები გვაქვს, ცრემლებს ძლივს ვიკავებ ხოლმე.  ბედნიერებაა ის, რომ ძალიან დიდია მათი მხრიდან დაინტერესება მშობლიური ენისადმი“, ამბობს ლიკა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში დიდ ბრიტანეთში განხორციელდა საპილოტე რეჟიმი. მისი წარმატებით განხორციელებისა და პროექტში სხვა ქვეყნების ჩართვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა  მასშტაბის გაზრდა. პროექტისთვის კონკურსის სახით საქართველოს მასშტაბით შეირჩა 30 პედაგოგი. მათთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა. განხორციელდა თეორიული და ტექნიკური გადამზადება. სწორედ კონკურსის წესით შერჩეულ პედაგოგთა შორისაა ბოლნისელი, პროფესიით ფილოლოგი ლიკა იასაღაშვილი.

-ლიკა, როგორც ვიცი საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გქონდა კონკურსის გამოცხადების პერიოდში, ელოდი თუ არა, რომ მოხვდებოდი ამ პროგრამაში და რამდენად მნიშვნელოვანი  პროექტია?

– კონკურსი  დაემთხვა სამაგისტროს დაცვის პერიოდს. ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ წარმოუდგენელი იყო კიდევ დამატებით სიახლეებთან შეჭიდება, თუმცა მიყვარს სირთულეები, მუდამ ახლის ძიებაში ვარ და ეს პროექტი მორიგი გამოწვევა იყო ჩემთვის, მიუხედავად ყველაფრისა გავედი კონკურსზე, მადლობა უფალს, დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნები და ჩავერთე ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. მომცეს ამერიკის  ნულოვანი დონის ორი   ჯგუფი. პროექტში ჩართული არიან 5-დან 15 წლამდე ბავშვები. ჩვენი მიზანია უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, სამშობლოსთან მათი დაახლოების ხელშეწყობა. გაკვეთილები მიმდინარეობს სინქრონულად, გვაქვს საკლასო ოთახი, ვამზადებთ პრეზენტაციებს, ვსაუბრობთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე. პირველი გაკვეთილი თბილისიდან ჩავატარე და იმდენად ემოციური იყო მათთან შეხვედრა, რომ არც კი მახსოვს სახლში როგორ დავბრუნდი. მართალია ინტერნეტის საშუალებით ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, თუმცა მსგავსი სახის პროექტი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მიმდინარეობა, რომელიც ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდა ემიგრანტს შეაყვარებს სამშობლოს, რაც შეიძლება მათი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც კი გახდეს.

-ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხი წლის წინ  დაამთავრა და საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც პედაგოგმა, პირველად შედგა ფეხი. ის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლაში გახანგრძლივებულის მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმდა. იმავე წელს სკოლის ხელმძღვანელმა  სადამრიგებლო კლასი მისცა და მას შემდეგ, როგორც თავად ამბობს, პროფესიულად საკუთარ მოსწავლეებთან ერთად იზრდება. მისთვის საგანმანათლებლო კერა განუყოფელ ნაწილად იქცა. „ბავშვებთან ურთიერთობამ დამანახა რამდენად ძვირფასია ეს პროფესია ჩემთვის. სკოლაში ფეხის შედგმისთანავე მავიწყდება პირადი პრობლემები“.

-ლიკა, მოგვიყევი პედაგოგიური ცხოვრების შესახებ, რას ნიშნავს ეს პროფესია შენთვის და რატომ გადაწყვიტე მასწავლებლობა?

– სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ავირჩიე ქართული ფილოლოგიის განხრა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რომ მინდოდა მასწავლებლობა.  დამატებით სპეციალობად ავირჩიე პედაგოგიკა, დავიწყე სიარული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თუმცა შემდეგ დავოჯახდი და დავბრუნდი ბოლნისში. შემთხვევით გავიგე, რომ სასულიერო სკოლაში სჭირდებოდათ გახანგრძლივებულის პედაგოგი და დავიწყე კიდეც მუშაობა, სწორედ მაშინ წარმოვიდგინე ჩემი თავი მასწავლებლის ამპლუაში. იმავე წელს ხელმძღვანელმა შემომთავაზა ამეყვანა მესამე კლასი, რომელსაც მივყვები დღემდე.  პირველი მოსწავლეები   განსაკუთრებულები არიან, რადგან მათთან ერთად ვსწავლობდი და ვიზრდებოდი პროფესიულად. ისინი უკვე VIII კლასელები არიან და თითოეული მათგანი უძვირფასესია ჩემთვის. აღმოვაჩინე, რომ მასწავლებლობაზე უკეთესი პროფესია ჩემთვის არ არსებობს – ეს არის ის, რაც მიყვარს და მთელი სულითა და გულით ვაკეთებ. როგორ ბანალურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სკოლაში შესვლისას მავიწყდება ყველაფერი პირადული და სულ სხვა სამყაროში ვარ. იმხელა მუხტი მოდის ბავშვებისგან, ვერ გადმოგცემთ. ყველაფერს მათგან გამომდინარე ვაკეთებ.

სწორედ  პროფესიის სიყვარულმა განაპირობა, რომ გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაზე განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე ილიას უნივერსიტეტში, რომელიც ცოტა ხნის წინ დავამთავრე.

-ხარ ძალიან მიზანდასახული და აღწევ კიდეც მიზანს, როგორ ახერხებ ამას?

-ყოველთვის ვცდი ბედს და არასოდეს ვიხევ უკან, მიუხედავად დიდი სირთულეებისა და სტრესისა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. ვარ  შრომისმოყვარე. ვმუშაობ ძალიან ბევრს, თავს არ ვზოგავ. ვფიქრობ, რომ სწორედ შრომა და ჩემი ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების მხარდაჭერა მეხმარება მიზნის მიღწევაში.

_ლიკა, რამდენიმე წელია ჩართული ხარ ჟვანიას სკოლის პროგრამაში.

_ 2014 წლიდან კონკურსის სახით  ჩავერთე ჟვანიას სკოლის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. ეს სულ სხვა გამოწვევა იყო  ჩემს ცხოვრებაში.   როდესაც არაქართველ მოსახლეობას ეხმარები სახელმწიფო ენის შესწავლაში, განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტში,    ძალიან მნიშვნელოვანია.

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, როგორ ანაწილებ დროს პირადი ცხოვრებისთვის?

– მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გამოვნახო  შვილისთვის. გასულ წელს სამაგისტროს დაცვის პერიოდში ორი- სამი დღე ისე გადიოდა,  შვილს ვერც კი ვნახულობდი, ახლა ეს ფუფუნება გვაქვს. ყოველდღე გარკვეულ პერიოდს ვატარებთ ერთად. ის არის ჩემი ცხოვრების აზრი. მეტის და მეტის კეთების სურვილსაც სწორედ ის მაძლევს. მინდა, რომ მან ჩემით იამაყოს.

– სამომავლო გეგმები?

– ჩემი მიზანია გავხდე წამყვანი კატეგორიის პედაგოგი და  ამ კუთხით ბევრი აქტივობა მაქვს დაგეგმილი.

-მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით და თუკი ახალგაზრდებს გაუჩნდებათ სურვილი აირჩიონ მასწავლებლის პროფესია, მინდა გავამხნევო, წარმატება ვუსურვო და თუ ჩემი მაგალითით მათ მოტივაციას გავუჩენ, ძალიან გამიხარდება. ახლა კი მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ყველას, ჩემს მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს ბოლნისელებს, ჩვენს ემიგრანტებს… ყოველ ახალ წელს მახსენდება ნოდარ დუმბაძის სიტყვები და ახლაც გავიხსენებ: „დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს!“ ჩემს ემიგრანტებს მინდა ვუსურვო „მზიანი საქართველო“. ჩემს მოსწავლეებს მინდა ვუსურვო ეცხოვროთ სიყვარულით, რადგან „სიყვარული თავად ღმერთია და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“.  სწორედ ამ გრძნობას მოაქვს ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე.

-დიდი მადლობა, მეც გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს და  გისურვებ წარმატებებს.

ნინო კარგარეთელი


Share.

Leave A Reply