ახალი პროექტი სკოლებში თებერვლის ბოლოს დაიწყება – დეტალებზე ლია გიგაური საუბრობს

0

ახალი პროექტი „ევრიკა“ საპილოტე რეჟიმში ყველა სკოლაში ერთდროულად თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.

თავდაპირველად ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ 5 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს ჩაუტარდებათ. ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან.

„ევრიკა“ არის ონლაინ გაკვეთილების ციკლი, რომლის მიზანი მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლება გახლავთ. ჩვენ მეცნიერებთან შევთანხმდით, რომ თითოეული გაკვეთილი იქნება საინტერესო და სახალისო. ყველა ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეები გააკეთებენ ახალ-ახალ აღმოჩენებს კონკრეტული მეცნიერებისა თუ საგნის შესახებ,“ – აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები ონლაინ გაკვეთილებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით მზად არიან. ეტაპობრივად გაიზრდება საგნების რაოდენობაც. ონლაინ გაკვეთილები ჩაიწერება და სამინისტროს ვებ გვერდზე დაიდება, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების სკოლების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა მოხდება. მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფესორ-მასწავლებლები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდეს. 

პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მეცნიერებისადმი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისადმი ინტერესი გაუღრმავდეთ. გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.  

წყარო


Share.

Leave A Reply