შეხვედრა მეფუტკრეებთან

0

17 იანვარს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მეფუტკრეებს შეხვდა და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს  გორის მუნიციპალიტეტში ახალი ინოვაციური საწარმოს აშენებას და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას.

თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში მოხდება ყველა წესითა და სტანდარტის დაცვით პროდუქტის წარმოება, არაფალსიფიცირებული და მაღალხარისხიანი ნაწარმი უნდა მოექცეს ერთი ბრენდის ქვეშ და დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზარი. საწარმოში ყოველდღიურად მოხდება დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოება. პროგრამაში ჩართულ მეფუტკრე კოოპერატივების წევრებს, რომლებიც საწარმოს  თანამესაკუთრეები გახდებიან, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მათ მიერ წარმოებული თაფლი ერთი ბრენდის ქვეშ ჩამოასხან სხვა კოოპერატივებთან ერთად ან სურვილის შემთხვევაში მხოლოდ მომსახურება მიიღონ საწარმოსგან და საკუთარი ბრენდის სახით აწარმოონ პროდუქცია და ბაზარზე დამოუკიდებლად გავიდნენ.

გიორგი მიშელაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე:

-პროგრამა ითვალიწინებს, რომ სახელმწიფო ააშენებს ქარხანას და მთლიანი ღირებულების 30%  პრივატიზაციის სახით გადასცემს კოოპერატივებს, რომელთაც მინიმუმ 35 პირველი დონის კოოპერატივი უნდა ჰყავდეს მეპაიედ. აღნიშნულ კოოპერატივს 8 წლის განმავლობაში საპრივატიზაციო თანხის გადახდის შესაძლებლობა ექნება და შემდგომ იგი გახდება სრული მესაკუთრე. ეს სახელმწიფო პროგრამა ჩვენს მეფუტკრეებს მისცემს შესაძლებლობას, მოიცვან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი  და მაღალხარისხიანი, არაფალსიფიცირებული თაფლით დააკმაყოფილონ მოთხოვნით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი.


Share.

Leave A Reply