დიდ ტრაგედიას უფლის რწმენით და სიყვარულით გაუმკლავდა

0

ამჯერად ჯემალ დემურაძეზე გიამბობთ, რომელიც მეუღლისა და 3 ვაჟის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს, შემოსული თანხითა და შემოწირულობებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს ეხმარება. ყველაფერი კი იმ დღიდან დაიწყო, რაც ბატონმა ჯემალმა შვილის გარდაცვალების გამო დიდი ტრაგედია გადაიტანა, უსაზღვრო ტკივილს ღმერთის რწმენითა და  სიმტკიცით გაუმკლავდა, შეჰფიცა უფალს, რომ დარჩენილ სიცოცხლეს იმ ადამიანებს დაუთმობდა, ვისაც სიცოცხლე, სიყვარული, ჯანმრთელობა, არსებობა და მზრუნველობა სჭირდებათ.

1995 წელს ჯემალ დემურაძემ მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ფონდი „მადლი“ ჩამოაყალიბა და იმ დღიდან, საქართველოს ყველა კუთხეში დადის, ეძებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს და მათ დასახმარებლად უფლისადმი დადებულ ფიცს არ სტეხს.

-ბატონო ჯემალ, რამ გადაგაწყვეტინათ საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბება?

-1994 წელს ვარშავაში ყოფნისას გავიგე, რომ ჩემი გოგონა, ჩემი ხატია აღარ მყავდა. შინ დაბრუნებისას დავიწყე მიზეზის ძებნა, თუ რატომ დატრიალდა ეს უბედურება, მაგრამ სრულიად შემთხვევით შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც შთამაგონა დიდ ტკივილს მტკიცედ გავმკლავებოდი და გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც სხვებს ტკივილს შეუმსუბუქებდა, იმ დღიდან გადავწყვიტე დავხმარებოდი პატარა ანგელოზებს, ვისაც ჩვენი დახმარება, გვერდში დგომა და მზრუნველობა სჭირდება.

-ბატონო ჯემალ, მიუხედავად თქვენი ეკონომიური მდგომარეობისა, გაქვთ სურვილი  გამართოთ საქველმოქმედო ღონისძიებები და შემოსული თანხით მთლიანად შეეწიოთ უმწეო პატარებს?

-ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, არ მქონია დიდი ქონება და არც ამჟამად მაქვს, მაგრამ როდესაც ვხედავ ჩემზე გაჭირვებულებს, არ შეუძლიათ გადაადგილება,  არიან საწოლს მიჯაჭვულნი და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები,   მიჩნდება სურვილი მათი დახმარების, რასაკვირველია, ამ საქმეს უფლისა და კეთილი ადამიანების გარეშე ვერ შევძლებდი.

-ყოფილა თუ არა  შემთხვევა, როდესაც თქვენს მიერ გადაცემული თანხა არამიზნობრივად გამოუყენებიათ?

-სამწუხაროდ მომხდარა ასეთი ფაქტიც, ერთ-ერთი ღონისძიებიდან აღებული თანხით ბავშვისთვის უნდა გვეყიდა სასუნთქი აპარატი, გადავწყვიტეთ თანხა ოჯახისთვის გადაგვეცა და ისინი თავად შეიძენდნენ მას, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გადაცემული თანხა ოჯახში არამიზნობრივად დაიხარჯა. იმ დღიდან მე თვითონ ვყიდულობ ამა თუ იმ პატარასთვის საჭირო ნივთს და პირადად ვჩუქნი.

-გახსენდებათ ისეთი ბედნიერი წუთები, როდესაც გიფიქრიათ, რომ თქვენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია?

-2006 წელს სოფელ გამარჯვებაში 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის უნდა გაგვემართა ორი საქველმოქმედო აქცია, რათა მათთვის ეტლები გადაგვეცა. პირველი კონცერტიდან შემოსული თანხით პატარა გოგონას ნინო მირაშვილს შევუძინეთ მისთვის საჭირო ეტლი, როდესაც მეორე ბავშვისთვის ვგეგმავდით ღონისძიებას, ბატონმა გურამმა დამირეკა და მითხრა, რომ დიდი სიურპრიზი მელოდა, მართლაც კონცერტის მსვლელობისას გურამმა ხელი ჩასჭიდა ნინოს და იგი დამოუკიდებლად ამოუშვა სცენაზე.  ამ სასწაულის ნახვა მართლაც შოკის მომგვრელი იყო. ეს იყო ის ბედნიერი წუთები, რასაც ყოველთვის ასე მოუთმენლად ველოდი.

 

-ბატონო ჯემალ, თქვენი საქმიანობით „იმედის გმირის“ წოდებაც მიიღეთ, მიამბეთ ამ ტელეპროექტზე?

-ქალბატონმა მაია ბაგრატიონმა, რომელიც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი იყო, ჩემს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ტელეპროექტ „იმედის გმირების“  დირექტორს გოდერძი შარაშიას. მოვიდნენ, გადაიღეს ჩემზე პრომო და ასე გავხდი „იმედის გმირების“ 2014 წლის მეორე პრიზიორი.

-მაშინ თვალყურს ვადევნებდი ამ ტელეპროექტს და კარგად მახსოვს, საქართველოს ბანკმა საჩუქრად ფულადი ჯილდო გადმოგცათ.

-ფულადი ჯილდოს სახით 3000 ლარი მივიღე. ხუთას-ხუთასი ლარი ჩემს ვაჟებს ვაჩუქე, რომლებიც გვერდში მიდგანან, ათასხუთასი კი ფონდში ჩავრიცხე, ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ჩემმა შვილებმაც შემომთავაზეს მათთვის მიცემული თანხით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დავხმარებოდი.

-თქვენ მსგავსი ღონისძიებები ბოლნისშიც არა ერთხელ გაგიმართავთ.

-მოგეხსენებათ, წარმოშობით ტანძიიდან ვარ და რაღაც განსაკუთრებული მაკავშირებს ამ მიწასთან. კი, ნამდვილად მქონდა ბოლნისში საქველმოქმედო აქციები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და იმ კეთილ ადამიანებს, ვინც  თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა პატარა ლონდა გაბლიანის,   იმ  პატარა ბიჭუნას სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს გვარად კი გოგოლაძე იყო, ასევე გვანცა ნინოშვილის და მერაბ  ფრუიძის დასახმარებლად.

-ამჯერად ვის დახმარებას აპირებთ?

-მინდა დავეხმარო დიანა დემურაძეს, რომელმაც ტრავმით გამოწვეული ქვედა კიდურების პარალიზება მიიღო, მას სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა და ოპერაცია. მე ისევ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედით ვგეგმავ მორიგ ღონისძიებას, რათა სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ ახალგაზრდას.

-როგორ საქართველოს ისურვებდით?

-პირველ რიგში გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ვისურვებდი, ჯანმრთელი და გონიერი თაობებით, ვისაც აღარ დასჭირდებოდა საქველმოქმედო აქციები და დახმარებები.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ გაზეთ „ბოლნისს“ და სრულიად საქართველოს, ღმერთმა ინებოს 2018 წელი მშვიდი და ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის.

მარინე გავაშელი


Share.

Leave A Reply