„დემა“ ბიო საპონი სოფელ ბალიჭიდან

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში მცხოვრებმა პედაგოგმა ბავშვობის ინტერესი წლების შემდეგ რეალობად აქცია. გეოგრაფიის მასწავლებელი თავისუფალ დროს  სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა, რითაც  მალამოებს და ხსნარებს ამზადებდა. მაია დევნოზაშვილმა საქმიანობის გაფართოებისთვის „აწარმოე საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა, რითაც  საპნების წარმოება დაიწყო. მაიამ ბებოს რეცეპტი გაათანამედროვა და მათ სამკურნალო დანიშნულება შესძინა, „დემა“ს პროდუქციის შეძენა დღეს PSP აფთიაქებში, „ჯორჯისტანსა“ და „ევროლაინის“ ქსელშია შესაძლებელი. საშობაოდ, სოფელ ბალიჭში წარმოებული პროდუქცია,  მთაწმინდის პარკში საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც „დემა“ საახალწლო თემატიკით და შეფუთვით იქნება წარდგენილი. „ბუნებით ვარ ძალიან აქტიური, თავიდანვე მონაწილეობას ვიღებდი ყველა ღონისძიებაში, პროფესიით ეკონომისტი ვარ, ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორადი განხრით შევისწავლე სურსათის უვნებლობის საკითხები, სკოლაში მუშაობა 1990 წელს დავიწყე. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ისინი სტიმულს მაძლევენ და მათგან ბევრს  ვსწავლობ, ამიტომ  მეტისა და მეტის გაკეთება მსურს. ბოლო დროს აქტიურად ვარ ჩართული გარემოს დაცვის და სამოქალაქო აქტივობების პროექტებში.  რთულია იყო პედაგოგი და დამატებით აკეთო საქმე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, თუმცა ეს ჩვენი ოჯახური საქმიანობაა, ყველა ხელს მიწყობს თავისი აქტივობებით, მე ვმუშაობ უშუალოდ პროდუქციის წარმოებასა და ტექნოლოგიაზე, ჩემი შვილები კი მეხმარებიან მის რეალიზებასა და დისტრიბუციაში“.

სერთიფიცირებული პედაგოგი საპნებს ბიო პროდუქციით ამზადებს. საჭირო მასალას დმანისის ალპურ ზონაში აგროვებს. ახმობს და შემდეგ ფქვავს, როგორც თავად გვიამბობს, შეგროვების და შენახვის ტექნოლოგია განსხვავებულია, ზოგი მათგანი მზეზე შრება, ზოგი ჩრდილში,  სხვადასხვა მცენარეები მთვარის სხვადასხვა სტადიაში გროვდება. „დემას“ საპნები ხელით მზადდება, მინიმალური ელექტრო ჩარევით, არ აქვთ ქიმიური არომატები და ესენციები. დღესდღეობით საქართველოს ბაზარი უკავია სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებაზე დამზადებულ საპნებს, რომლებიც არ მოქმედებენ დადებითად ადამიანის კანზე, შესაბამისად, გადავწყვიტე აღმედგინა ჩემი ბებიების მიერ საპნის წარმოების ძველი ტრადიცია და დამემზადებინა ნატურალური საპნები, თუმცაღა საპონი რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ახლოს ყოფილიყო, მისი წარმოების ტექნოლოგია გავაერთიანე დღევანდელ  აპრობირებულ ნატურალური საპნის წარმოების ტექნოლოგიასთან, რაც გულისხმობს ნატურალური, ცხოველური და მცენარეული ცხიმების გამოყენებას, სამკურნალო მცენარეების და ყვავილების ხსნარების და ეთერზეთების დამატებასთან ერთად. საპონი არ შეიცავს არანაირ ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებს, პარაბენებს, კონსერვანტებს, ემულგატორებს, ქიმიური გზით სინთეზირებულ მკვეთრი სუნის მქონე არომატიზატორებს.

დღეს „დემას“ საპონი 17 სახეობისაა, სამკურნალო თვისებები მათში შემავალი ექსტრატებით განისაზღვრება და ატარებს ანთებითი დაავადებების, კანის გამოშრობის ან გაღიზიანების საწინააღმდეგო ფუნქციებს, მეწარმე თავიდან პროდუქციას ახლობლებში, მასწავლებლებში ცდიდა, რომ გაეგო რამდენად სამკურნალო თვისებებს გამოავლენდა, მიღებულმა დადებითმა შედეგმა მისცა ბიძგი, უფრო ბევრი ადამიანისთვის ხელმისწავდომი გაეხადა „დემა“.

„ჩვენი საპნის სტანდარტული ფორმა მართკუთხედია, ასევე დამზადებული გვაქვს პეპლებისა და ყვავილების ფორმა. დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს, ორი საათი სჭირდება, მაგრამ საპნის გამოშრობას ექვსი თვე მაინც უნდა.

ამჟამად ვაწარმოებთ 17 სახეობის საპონს  ესენია: ორკბილა, სამკურნალო მცენარეების ნაცარი, გვირილა, ვარდის ფურცლები, ხახვი, ენდრო და ვანილი, გვირილა, კალენდულა და ყვითელი ვარდი, ჭინჭარი, ლავანდა და ტკბილი ნუში და ა.შ. გვაქვს სათავსო, სადაც ვინახავთ მცენარეებს, წელიწადის ნებისმიერ დროს ვამზადებთ საპონს, რისთვისაც გვაქვს საშრობი ოთახი,  დამზადებისას ვიყენებ ნატურალურ ცხიმებს, იქნება ეს ცხოველური თუ მცენარეული, ზოგ ეთერზეთს თვითონ ვამზადებ. რაც შეეხება სამკურნალო ეფექტს, მაგალითად,  ცაცხვის ყვავილზე დამზადებული საპონი სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს, სხვა საპნებიც იცავენ კანს გაღიზიანებისგან და გამოშრობისგან. რაც შეეხება ფასს ნებისმიერი სახეობის საპნის ღირებულება 8 ლარია“.

ქართული პროდუქცია არაერთ გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად დაინტერესდა სხვადასხვა მაღაზია, ასევე უცხოელი წარმომადგენლები ჰოლანდიიდან, თუმცა ბიო სერთიფიკატის არქონის გამო, პროდუქციის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. სანამ „დემას“ ექსპორტი მოხდება, ის ადგილის დამკვიდრებას საქართველოს ბაზარზე ეცდება. როგორც მეწარმე მაია დევნოზაშვილი გვიამბობს,  მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში წარმოების გაფართოება მოხდება. სამომავლოდ „დემა“ საბავშვო ჭურჭლის, ტანსაცმლის და თეთრეულის სარეცხი საშუალებების გამოშვებას გეგმავს, რომელიც განკუთვნილი იქნება ჰიპერალერგიული ბავშვებისთვის.

ახალი წელი მოდის, ამ დღეს განსაკუთრებულად ხვდება ჩვენი ოჯახი, მინდა ყველას მივულოცო, წარმატებული და სიხარულის მომტანი წელი ყოფილიყოს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply