ბოლნისში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

0

სამოქალაქო განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დღეს ბოლნისში უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. ათობით ადამიანს „ავერსის“ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები კარდიოლოგი-ე.კ.გ, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი,  დერმატოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ალერგოლოგი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი, ექოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი, ტრამვატოლოგი და პარკინსონის ექიმები იკვლევდნენ და შესაბამის დანიშნულებებს აძლევდნენ. გარდა კონსულაციებისა ტარდებოდა ასევე ეხოსკოპიაც და ბიოფსიაც.  აქცია ერთდღიანი იყო, თუმცა ამით ბევრმა ისარგებლა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ  უფასო კონსულტაციები მიიღეს.

როგორც სამოქალაქო განვითარების ფონდის დამფუძნებელი, მამა ბასილი ჩვენთან საუბარში ამბობს, მსგავსი აქციები კიდევ გაგრძელდება და კიდევ ბევრი ადგილობრივი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

მარინა დევნოზაშვილი, შ.პ.ს „ტრიომედის“ მთავარი ექიმი:

– მივიღე ინფორმაცია რომ გამოკვლევები უნდა ჩატარებულიყო სპორტ-სკოლის შენობაში, რაზეც ძალიან ვინერვიულე, რადგან აღნიშნულ ფართში არ იყო შესაბამისი გარემო. დავუკავშირდი მამა ბასილს და შევთავაზე ჩვენი კლინიკა აქციის ჩასატარებლად, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის კეთდებოდა. მამა ბასილს ძალიან გაუხარდა და გაუკვირდა. ჩვენი კლინიკა მზადაა მუდმივად იდგეს ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე და არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, ფართი იძლევა საშუალებას რომ სხვა საზოგადოებრივი აქტივობებიც ჩატარდეს.

მამა ბასილი ახვლედიანი  სამოქალაქო განვითარების  ფონდის დამფუძნებელი:

– უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი დღე არის დიდი სიხარულით გაჟღენთილი, იმიტომ რომ ნინოობაა და ყველას გილოცავთ, რაც შეეხება ამ აქციას, ,,სამოქალაქო ფანვითარების ფონდი“ ტრადიციულად მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს და ეს ჯანდაცვის სფეროში მეორე აქციაა, რომელსაც მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან და დიდი მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს. პირველი აქცია იყო აფხაზეთის მთავრობის დახმარებით, ამ შემთხვევაში „ავერსთან“ გვაქვს გარკვეული შეთანხმება, რომელიც სავარაუდოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს, აღნიშნული აქციის ჩასატარებლად ფართი გამოგვიყო „ტრიომედმა“, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია და დიდი მადლობა ამისთვის.

„ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი ილონა ხიზანეიშვილი:

– ბევრი პაციენტი გაისინჯა, ძირითადად არის ვირუსული ინფექციები. თითქმის ყველა პაციენტს აქვს რესპირაციული პრობლემები. ხველა და გადატანილი ვირუსული ინფექციების შემდგომი პერიოდი. არის გამოხატული მუცლის ტკივილები, პარაზიტული ინფექციები, ალერგიული რეაქციები, კანის დერმატიტები და ალერგიული ატოპიური დერმატიტები, კვების რეჟიმის დარღვევის ფონზე გამოწვეული პრობლემები. ძირითადად იმუნიტეტის გაძლიერება გვჭირდება, კვების რეჟიმის მოწესრიგება და პაციენტების ზოგადი გამაჯანსაღებელი თერაპია.

სამოქალაქო განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ეკატერინე კობალავა:

– პირველად რომ ჩატარდა იყო დიდი აქტივობა, მოყვა გამოხმაურება და მოთხოვნა, აქედან გამომდინარე დაიგეგმა დღევანდელი დღეც. მოქალაქეებს გამოკვლევებს უტარებენ ავერსის კლინიკის პროფესიონალი ექიმები 17 პროფილით, პაციენტებს უტარდებათ ასევე ეხოსკოფია და უფასოდ იღებენ გარკვეული სახის მედიკამენტებს.

ანა ხომასურიძე პაციენტი:

– ძალიან კარგი აქციაა, მოგეხსენებათ ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, დიდი ხანია ვგეგმავდი გამოკვლევების ჩატარებას, მაგრამ უსახსრობის გამო გადაიდო და გადაიდო. ახლა მოვედი აქ და გამოვიკვლიე რაც მჭირდებოდა და ბავშვიც მყავდა ექიმთან. ჩემთვის ეს დიდი შეღავათი იყო. დიდი მადლობა მათ ვინც გაუკეთა ამ ყველაფერს ორგანიზება, ვიცი რომ მამა ბასილმა დაგეგმა. ჩვენს რეგიონში ასეთი სახის აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხშირად უნდა მოეწყოს.

კრისტინა ხულოიანი პაციენტი:

– დიდიხანია მინდოდა დერმატოლოგთან კონსულტაცია და ვერ ვახერხებდი, შევედი ექიმთან, მომისმინა, დამაკვალიანა და ძალიან მომეწონა. მოგეხსენებათ რა ძვირია კანის ექიმთან მკურნალობა. მადლობა მათ ვინც ეს აქცია მოაწყო.


Share.

Leave A Reply