ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარებისა და მენეჯერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარებისა და მენეჯერებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,,ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი,“  რომელსაც უძღვებოდა  საქართველოს საბიბლიოთეკო  ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

აღნიშნული პროექტის მიზანი სოციალური მიმართულებით სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადებაა, რათა ბიბლიოთეკარი გახდეს არა მხოლოდ ინფორმაციის გამცემი, არამედ შეეძლოს დაეხმაროს მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, დააკვალიანოს და კონსულტაცია გაუწიოს მათ სოციალური დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში. ფაქტიურად ახლა ბიბლიოთეკარები გარკვეული მიზიდულობის ცენტრებად ყალიბდებიან სოფლებში და მათ შეიძინეს სრულიად ახალი ფუნქცია-  ასრულებენ მოსახლეობის დამხმარეების როლს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება სოფლის ბიბლიოთეკების  მნიშვნელობა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.

რუსუდან ასათიანი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი:

პროექტი გულისხმობს იმას, რომ ბიბლიოთეკარი არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის გამცემი და მიმღები პიროვნება, არამედ მას შეუძლია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას მისთვის სასიცოცხლო ინფორმაციების მიღებაში და სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. პირველი ნაწილი ჩვენი ტრენინგისა ფოკუს ჯგუფისგან შედგებოდა,  ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ,  როგორ ეხმარებიან ბიბლიოთეკარები არა მხოლოდ განათლების მიღებაში, არამედ სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაში, რაც შეეხება მეორე ნაწილს ის თემის მობილიზაციას მიეძღვნა და ბიბლიოთეკარებმა ისწავლეს თუ როგორ უნდა დაწერონ მცირე სათემო პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ლეილა თამლიანი, სოფელ ტანძიის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი:

სოფლის მოსახლეობისთვის აღნიშნულ პროექტებს  დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ სოფელი უფრო მიუწვდომელია სხვადასხვა ტექნოლოგიის მიმართ და როცა კომპიუტერი შემოვიდა ჩვენთან ამით ძალიან დიდი სარგებელი მოგვიტანა. მოდიან სკოლის მოსწავლეები, იძიებენ მასალებს, მეცადინეობენ ბიბლიოთეკაში, წიგნს და კომპიუტერს უთავსებენ ერთმანეთში და  ეს სასიხარულოა.  ტრენინგი  კარგია ჩვენი განვითარებისთვის, ბევრი რამ ვისწავლეთ.

შორენა რეხვიაშვილი, ქალაქ ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი:

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა რუსუდან ასათიანმა ქალაქისა და სოფლის ბიბლიოთეკარებისთვის ჩაატარა ტრენინგი ,, ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი.”ტრენინგის შემდეგ ბიბლიოთეკარები შეძლებენ შეითავსონ თემის მობილიზატორის ფუნქცია, დაგეგმონ სხვადასხვა პროექტები: ეს იქნება სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის. პროექტი ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკარის მიერ მოსახლეობის, თემის დახმარებას მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც გაზრდის ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას. დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროექტებს და ამით მკვეთრად ზრდის ბიბლიოთეკის როლს საზოგადოებაში.

შორენა გულბანი, სოფელ რაჭისუბნის ბიბლიოთეკის მენეჯერი:

დავესწარით  საინტერესო ტრენინგს, ეს ჩვენთვის აუცილებელია, ტრენინგებზე დასასწრებად  თბილისში ჩასვლას ვერ შევძლებდით . ეს არის ერთგვარად წინგადადგმული ნაბიჯი, გავიგეთ ბევრი რამ, მე უკვე ბილიკი დავინახე, რომ შარაზე გავიდე.

ეკატერინე ჩაგელიშვილიბიბლიოთეკების კურატორი:

,,ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიელებელი” ამ პროექტით  ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გულისხმობს, რომ ბიბლიოთეკარმა გარდა საბიბლიოთეკო საქმიანობისა უნდა შეითავსოს თემის მობილიზატორის ფუნქცია და დაეხმაროს მოსახლეობას, თემს მათთვის სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.  პროექტი მეტად მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკისთვის, მენეჯერებისთვის, მათი განვითარებისთვის, რათა უფრო გააღრმავონ სოფლის მოსახლეობასთან ურთიერთობები, მეტი შეხება ჰქონდეთ სოფელთან და მოსახლეობასთან.


Share.

Leave A Reply