60-იანების პარიზიდან დღევანდელ თბილისამდე

0

 

10486554_550285028437662_4107859529345625184_oთორნიკე ადამაშვილის ბლოგი

 

 

BANNNER_1416385548

ძნელია, თბილისში მიმდინარე კინოს ფესტივალზე ვისაუბრო, ისე, რომ გაუგებრობა არ იყოს ჩემსა და მკითხველს შორის… ვიცი, რომ უმეტესობა კინოს, როგორც ხელოვნებას ნაკლებად იცნობს. ამიტომ მე დღეს არ დავკარგავ დროს იმის ახსნით, რით განსხვავდება ე.წ პოპკორნისგან (ანუ ერთ ყალიბში ჩამოსხმულ სცენარებით შექმნილი კომერციული ფილმისგან) ის ფილმები, რომლის უკანაც აუცილებლად ავტორის ხელწერას, პოზიციას და ნაფიქრალს ამოიკითხავთ… დღეს მხოლოდ იმათთვის ვწერ, ვინც გამომყვება “რთულ კინოზე” საუბარში იმიტომ, რომ ფესტივალი სწორედ ახლა მიმდინარეობს თბილისში. “ყველაფრის თავიდან ახსნა” კი მომავლისთვის გადავდოთ, რადგანაც ახლა ამის დრო არ არის.

ფესტივალი “პრომეთე” ძირითადად ბოლო წლის კინოხელოვნების ყველაზე საინტერესო ნამუშევრებს გვაცნობს დეკემბრის დასაწყისში 1 კვირის განმავლობაში. ფილმები, რომელნიც კანის, ბერლინალეს, ვენეციის და სხვა მნიშვნელოვან ფესტივალებზე იყო წელს კონკურსში. ისინი განსაკუთრებული ხელწერის, ფორმებისა და ისტორიების მატარებელელნი არიან. ზოგიერთი რეჟისორი უკვე კარგად ნაცნობია მაყურებლისთვის… და კინოკლასიკოსადაც ითვლება. ფესტივალის ძირითადი მაყურებელი (შარშან და წელს სავსეა დარბაზები) ასე ვთქვათ  საზოგადოების “ინტელექტუალი” ნაწილია. სტუდენტები, ლექტორები, მეცნიერები, ხელოვანები, კინომოყვარულები…

მაგალითად წელს, ძალიან მოხუცებული, მაგრამ მუდამ რევოლუციონერი და სულით ახალგაზრდა რეჟისორის ჟან ლუკ გოდარის ფილმი “მშვიდობით ენავ” იქნება ნაჩვენები კვირას, 21:30 წუთზე 3D ფორმატში. ისე, როგორც გოდარის უმეტესი ნამუშევრები ეს ფილმიც ერთქვარი დამსხვრევაა ჩვეულებრივი ფილმების თხრობის სტანდარტის, სადაც აუცილებლად გვიღეჭავენ გმირების ხასიათს, მის სამოქმედო “გეგმას”. გვთავაზობენ ხოლმე ფილმში და თავგადასავლის წინასწარ პროგნოზირებას. არ მინდა წინასწარ რამე წამეკითხა ფილმზე “მშვიდობით ენავ”. რაც მოკლე trailer ვიდეოდან შევიტყვე, შეიძლება არც კი იყოს რამე ამბავი მოთხრობილი უბრალოდ საოცარი აბსტრაქტული განწყობის კადრები, როგორსაც სხვაგან ვერსად ვნახავთ, შიგადაშიგ გასროლილი რაღაც “მესიჯები” გმირების პატარა შტრიხები, რომელიც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე გაუთავებელი ლაქლაქი და ბრძოლა გადარჩენისთვის…

სათაურიც იმას გვანიშნებს, რომ რეჟისორი დავიწყებას ცდილობს “ენის” როგორც ათასჯერ გამეორებული სიტყვებისა და გამოცდილებების. და სულ სხვა ენით უნდა გვიჩვენოს ამბავი. იქნებ _ ფერებით, ხმაურებით, მუსიკით, მონტაჟით. როგორც მოძრავ სურეალისტურ, აბსტრაქტულ ნახატების წყობაში. ჩემი აზრით, ამ თუნდაც გაუგებარი ფილმის ნახვა არანაკლებ საინტერესო და დაუგეგმავი “მოგზაურობა” იქნება,  და სრულიად ახალი გამოცდილება ნებისმიერი მაყურებლისთვის, ვიდრე ნარკომანის “გასვლა” ამ სამყაროდან. ანუ დავიწყება აზრების კონტროლის. კადრებში  ვხედავთ LSD-ს ცნობილ ფერად ეფექტს.

ბილეთები ამ ერთადერთ 3D სანახაობაზე უკვე თითქმის გაყიდულია, მაგრამ თუ მოახერხებთ, ნამდვილად გირჩევდით არ გამოტოვოთ.

თუმცა იმისთვის რომ “ბებერი გოდარის” დიდ ეკრანზე ნახვის შანსი გაგიხარდეთ, ჯერ ახალგაზრდა და გიჟი ჟან ლუკ გოდარი უნდა იცოდეთ, რომელიც 60-იანებში მთელი მსოფლიოს აქტიური და რევოლუციონერი სტუდენტებისთვის (და არამარტო) ნამდვილი გური იყო კინოში. როგორც ვთქვათ “ბებერ მარადონასთან” თბილისში სტადიონზე წასვლა გაგიხარდება, მაშინ თუ მარადონას ერთი ვიდეო მაინც ნანახი გაქვს, როცა გოლს იტანს ხელით… ან როცა მოედნის ცენტრიდან კარამდე ჩადის ისე, რომ ვერავინ აჩერებს და გოლს იტანს.

გოდარის ყველაზე გახმაურებული ფილმი 1960 წელს The Breathless “უკანასკნელ ამოსუნთქვაზე” ახალგაზრდა ჟან პოლ ბელმონდოს მონაწილებით. ის კრიმინალის ცხოვრებას ეხება, რომელიც თვლის, რომ შეიძლება ის უფრო ორიგინალური და მუდმივად განახლებადი იყოს, ვიდრე მორჩილი ადამიანი, რომელიც უბრალოდ შეეგუა სხვის შეთავაზებულ წესებს, ნორმებს, მიმიკებს, მოდას, მანერებს. ფილმიც სწორედ იმაზეა, როგორ იპრანჭებიან და ფლირტაობენ ერთმანეთთან ულამაზესი წყვილი. თუმცა პარიზში ჩასული ამერიკელი მეწყვილე ბოლომდე ვერ იჯერებს მთავარი გმირის გულწრფელობას… მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარელი მწერლისა და ამ მკვლელის  ფილოსოფია თითქმის იდენტურია “იცხოვრო დღევანდელი დღით” გაიგებს, რომ წარსულში ცოლი ჰყოლია, და დაეჭვდება მასში, პოლიციას გადასცემს მის თავს, თანაც იუდასავით თვალებში ჩახედავს და ეტყვის

“მე შენ ჩაგიშვი”. მაგრამ ბელმონდოს გმირი ბოლომდე ორიგინალურად იქცევა… ფინალს არ მოვყვები. მაგრამ ვიმეორებ ფილმის მთავარი გმირი არც მსახიობები და არც ამბავია, არამედ ის როგორ იქცევიან, აცვიათ და საუბრობენ მთავარი გმირები. სიტყვა „როგორ“ არის ფილმის მთავარი გმირი. სცენა, რომელიც საწოლში დიალოგს ეთმობა დაახლოებით 30 წუთს გრძელდება და მაინც  ყველაზე დინამიური ეპიზოდია ამ ფილმში….  ერთდროულად ნახავთ ძალიან “დაჩეხილ მონტაჟს” და ასევე 5 წუთიან გაუჭრელ კადრებს… ფილმი იმდენად იაფად გადაიღეს (ეს პრინვიპი იყო) რომ არც ქუჩებს კეტავდნენ გადასაღებად და პარიზის გამვლელ გამოვმლელი დაბნეულად იყურება ზოგჯერ კამერაში. მოკლედ ფილმის ნახვა ნამდვილად გაზიარებთ კინომგიას და დაგარწმუნებთ რომ “ძველი ფილმები” ხშირად ახალზე საინტერესოა. მითუმეტეს, რომ “შანელს” და “დიორს” იმ დროის პარიზში არანაკლებ გემოვნებიანად ეტანებიან…

რაც შეეხება ფესტივალის სხვა “ხმაურიან” ფილმებს.

წელს ჟიურის წევრია ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ვებერი. “გოგონა მარგალიტის საყურით” სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით, სპეციალურად იქნება ნაჩვენები შაბათის დღის სეანსზე და რეჟისორთან გასაუბრება დაინტერესებულ მაყურებელს შეეძლება. ამის შესახებ აქამდე რომ არ შეგატყობინეთ, ალბათ ბევრი მისაყვედურებს, რადგან ამ ფილმს ნამდვილად ბევრი თაყვანისმცემელი ყავს საქართველოში, თუმცა ფესტივალზე და სხვა პროექტებში მეც ჩართული ვარ, ამიტომ დღემდე ფაქტიურად ვერ მოვიცალე საწერად…  “გოგონა მარგალიტის საყურით“ (2003) მრავალი პრიზით აღინიშნა, გარდა ამისა, ფილმი სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული „ოსკარზე“, ორ კატეგორიაში –  „ოქროს გლობუსზე“ და ათ კატეგორიაში – ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ჯილდოზე. მოკლედ ეს იმედია, ფესტივალით მომავალში დაინტერესების მეტ მიზეზსაც მოგცემთ.

„პრომეთე“, როგორც სხვა საერთაშორისო კინოფესტივალები დაყოფილია რამდენიმე სექციად თემატიკის, კონკურსის და სხვა კრიტერიუმებით. წელს პირველად დაჯილოვდებიან პრიზებით ქართველი მსახიობები და ფილმის ავტორები. ასევე არის საერთაშორისო კონკურსი სადებიუტო ფილმებისთვის, რაშიც კანის წლევანდელ ფესტივალზე გრანპრის მფლობელი ფილმი “ტომი” მონაწილეობს. ფილმი ნამდვილი შოკია და არათუ გამოუცდელ მაყურებელს, კინომოყვარულების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, მათაც იშვიათად უნახავთ მსგავსი რამ. ის უკრანაში უპატრონო ყრუ-მუნჯთა თავშესაფარში ვითარდება. არანაირი ტექსტი, თარგმანი და სუბტიტრები. 2 საათის მანძილზე მხოლოდ მოქმედებას და ხმაურებს ვხედავთ. ეს ფილმი ნამდვილად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ, თორემ “სიჩუმის ხმაურს” პატარა ეკრანზე სავარაუდოდ ვერ გაუძლებთ. გოგონებს იქვე გაჩერებულ ტრაილერებთან უწევთ პროსტიტუციაში ჩამბმა. ხოლო ბიჭები სხეულით ვაჭრობაში ეხმარებიან და “სუტენიორობენ” თუმცა ფილმის მთავარი ხაზი მაინც ამ თავშესაფარში დაგუბებული აგრესიაა, რომელიც სწორედ ამ “შოკი ფინალით” მთავრდება. თუმცა შოკი არც შუა ნაწილში აკლია ამ საოცარ ნამუშევარს, რომლის პროდუსერს და ოპერატორსაც ასევე გავესაუბრეთ ფილმის შემდეგ.

ფესტივალის ბოლოსკენ ფილმი, რომელსაც  ასევე ძალიან ველოდები არის ფრანსუა ოზონის “ახალი მეგობარი ქალი”. ამ ფილმზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, _ არ მინახავს, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორი (ბევრისთვის ცნობილია ფილმი “8 ქალი”) გამოირჩევა წყვილებს შორის ურთიერთობების ძალიან დრამატული და კრიზისული დეტალების წინ წამოწევით…

მინდა 2 სიტყვით გირჩიოთ, ნახოთ მისი ფილმი 5X2 რომელიც ასევე წყვილის დაშორებით იწყება. შემდეგ თანდათან დროში უკან ვბრუნდებით და ვიგებთ საიდან დაიწყეს ურთიერთობა. როცა ზღვის სანაპიროზე არ გაითვალისწინებენ გაფრთხილებას. “აქ ბანაობა საშიშია” და მაინც შეცურავენ ჩამავალი მზის ფონზე… პირად კრიზისებს და სისუსტეებს, რომ ურთიერთობაში თავშესაფარი ძნელად მოეძებნება ამ ფილმზე უკეთ გადმოცემულს ალბათ იშვიათად ნახავთ. არაჩვეულებრიცი საუნდტრეკით.

რომელიც მეც სევდიან განწყობაზე მაყენებს. :))

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ინტერნეტში და სოც.ქსელებში ბევრგან გაეცნობით. მათ შორის, ოფიციალურ საიტზე: tbilisifilmfestival.ge . 90-იანების ბოლოს, მაშინაც კი, როცა საქართველოში კინოს ვერ იღებდნენ და ჩვენს ფანჯრებში უმეტესად ლამპები ენთო, ყოველ წელს დეკემბრის თვეში ფესტივალი მაღალი ხარისხის ფილმებს აჩვენებდა მთელი მსოფლიოდან… ამას ორგანიზატორები ცოტა ფულით და ბევრი კონტაქტებით ახერხებდნენ. ეს ისტორია ფესტივალის ძველ პლაკატებზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სადაც თითებზე ჩამოსათვლელი სპონსორები ყავდათ.

“პრომეთეზე” ნანახი ფილმების შესახებ შემდეგ ბლოგშიც მოგითხრობთ.


Share.

Comments are closed.